რუსთავში მომხდარ ინციდენტს ოპოზიცია ეხმაურება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს.
"მოვითხოვთ კატეგორიულად, უახლოეს საათებში, ყველა მოძალადე, თავდამსხმელი დათო კირკიტაძის შტაბზე, დაისაჯოს. დაისაჯოს კანონის სრული მოთხოვნითა და ძალით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - ამბობს ნიკა მელია.
მომხდარზე განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ.
"ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს არის გამოწვევა. ჩვენ რა თქმა უნდა, არ წამოვეგებით ამას. ჩვენი კამპანია გაგრძელდება ისეთივე მშვიდობიანად და ისეთივე დადებითი მუხტით, როგორც აქამდე იყო," - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი რუსთავში მოხდა . "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის შტაბთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ერთ-ერთი აქტივისტი, რომელსაც ოპოზიციური პარტიის საწინააღმდეგო პოზიცია აქვს ამტკიცებს, რომ დავით კირკიტაძემ ხელი დაარტყა.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრებს, ისინი მათ ოფისთან მისულ პირებს პროვოკაციაში ადანაშაულებდნენ და მათ დაკავებას მოითხოვდნენ. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.