რუსთავის მერობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან”, ნინო ლაცაბიძე დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას უწოდებს. ის ოპონენტებს მოუწოდებს, რუსთაველებს მშვიდ გარემოში არჩევანის გაკეთების საშუალება მისცენ.
""ნაციონალურმა მოძრაობამ" რუსთავშიც და სხვა მუნიციპალიტეტებშიც, ზუსტად იცის რომ აგებს არჩევნებს, აგებს მეორე ტურებს. ამიტომ, როგორც ჩანს, დათო კირკიტაძეს ნერვებმა უმტყუნა უფრო ადრე, ვიდრე ჩვენ გვეგონა რომ უმტყუნებდა. სამწუხაროა, ის რაც ხდება რუსთავში, რასაც აკეთებდნენ პირველ ტურში და აკეთებენ მეორე ტურის განმავლობაშიც. ძალადობა, ფიზიკური შეურაცხყოფა, ეს დაპირისპირება არის ნაციონალური მოძრაობის ხელწერა.
მე მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ გონს მოეგონ და მისცენ რუსთაველებს მშვიდ გარემოში არჩევანის გაკეთების საშუალება," - ამბობს ნინო ლაცაბიძე.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ერთ-ერთი აქტივისტი, რომელსაც ოპოზიციური პარტიის საწინააღმდეგო პოზიცია აქვს, ამტკიცებს, რომ დავით კირკიტაძემ ხელი დაარტყა.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრებს, ისინი მათ ოფისთან მისულ პირებს პროვოკაციაში ადანაშაულებდნენ და მათ დაკავებას მოითხოვდნენ. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.