16 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
"ჩვენ ყველას გვქონდა გამშველებლის როლი" - "ქართული ოცნების" წევრები რუსთავის ინციდენტში მონაწილეობას უარყოფენ

გუშინ დაპირისპირების დროს გადაღებულ კადრებში "ქართული ოცნების" წევრები ჩანან, მათ შორის, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, ასევე, საკრებულოს ახლა უკვე არჩეული წევრი და 2 ააიპ თანამშრომელი, დღეს მათი სახელი და გვარები მედიისთვის ცნობილი გახდა.

რუსთავის საკრებულოს არჩეული თავმჯდომარე ნინო ქავთარაძე აცხადებს, რომ ენმ-სა და "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბები ერთმანეთის გვერდითაა, ხოლო მათი როლი მომხდარ დაპირისპირებაში მხოლოდ გაშველებით შემოიფარგლებოდა. 

"ჩემი საარჩევნო ოფისი გახლავთ ბატონი დავით კირკიტაძის ოფისის მეზობლად, ატყდა ხმაური, ჩოჩქოლი, გავიქეცით გასაშველებლად, რადგან იქ იყო გაწევ-გამოწევა, ასე აღმოვჩნდი ამ პროცესში ჩართული. მეც და სხვა იმ ადამიანებსაც, ვინც იქ იყვნენ, ძირითადად, ყველას გვქონდა გამშველებლის პოზიცია. დიახ, ააიპის თანამშრომლები არიან. ესენი არიან შტაბის წევრები და არასამუშაო დროს მუშაობენ საარჩევნო შტაბში,"- აცხადებს ნინო ქავთარაძე.

იმავეს ყვება რუსთავის საკრებულოს წევრი ამირან ჯანჯღავაც:

"როდესაც გავედით, მოვახდინეთ იდენტიფიცირება, რომ იქ იყო დაპირისპირება, ბუნებრივია, მოქალაქეობრივი, მორალური ვალდებულებაცაა ჩვენი და ადამიანურიც, დავინტერესდით, მივედით და იქ მყოფ თითოეულ ადამიანს მოვუწოდეთ დაშოშმინებისკენ. იქ იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რამდენიმე მერიის თანამშრომელიც იყო, მეც ვიყავი მათ შორის, თუმცაღა, თვითმიზანი იყო ამ კონფლიქტის განმუხტვა,"- აცხადებს ჯანჯღავა.

მომხდარს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა რუსთავის მერობის კანდიდატი "ოცნებიდან" ნინო ლაცაბიძე, დაპირისპირებაში მმართველი გუნდის წევრების მონაწილეობა უარყო და ინციდენტს "ნაციონალური მოძრაობის ხელწერა" უწოდა. 

"თუ ეს ადამიანები ინციდენტის დროს იმყოფებოდნენ იმ პერიმეტრზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შტაბის ან ქართული ოცნების დაორგანიზებული იყო ეს საკითხი. 

რაც შეეხება ჩვენს შტაბს, ძალიან აუგად და დასაცინად რომ მოიხსენიებს ბატონი დავით კირკიტაძე - ჩვენს გვერდით დგას ღირსეული ადამიანების ძალიან დიდი ჯარი, რომელსაც უნდა, რომ ამ ქალაქის განვითარება არ შევიდეს ჩიხში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ქალაქი არ ჩავუგდოთ ხელში დავით კირკიტაძეს, კირკიტაძის რუსთავი არ სჭირდება არავის, რომელიც არის ამ ტიპის ძალადობით და ინციდენტებით სავსე, ეს არის მათი ხელწერა, ამას იყენებდნენ ძველ პერიოდშიც და აგრძელებენ დღესაც. ამიტომ ვარ დღეს აქ, რომ არ დავუშვათ რუსთაველებმა დავით კირკიტაძემ გააგრძელოს ის, რაც მისთვის კარგად ნაცნობია," - აცხადებს ლაცაბიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები