ხაშურის მუნიციპალიტეტში სტუმრობით პრემიერ-მინისტრმა რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრები დაასრულა. მეორე ტურში მთავრობის ხელმძღვანელი, როგორც ხაშურში, ასევე 20-ვე მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" კანდიდატების გამარჯვებას პროგნოზირებს.
პარტიულ აქტივთან დღეს შეხვედრა გაიმართა ქარელშიც. პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პარტიის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდგომ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს და მხარდამჭერებს მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდეს.
გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან "ქართული ოცნების" ის კანდიდატებიც, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურში მონაწილეობენ. ქარელისა და ხაშურის მერობის კანდიდატები იმ პროექტებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელთა განხორციელებას გამარჯვების შემთხვევაში გეგმავენ.
წინასაარჩევნო შეხვედრებს არ ჩაუვლია ოპონენტების კრიტიკის გარეშე. ირაკლი ღარიბაშვილი წინა და ახლანდელი ხელისუფლების განსხვავებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამომრჩევლის პრიორიტეტი გადაწყვეტილების მიღების დროს "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებული პროგრესი, მშვიდობა და სტაბილურობა უნდა იყოს.
ადგილობრივ არჩევნებამდე ხუთი დღე რჩება. გადაწყვეტილებას ამომრჩეველი, თუ რომელი კანდიდატები გახდებიან 20 მუნიციპალიტეტში პირველი პირები, 30 ოქტომბერს მიიღებს.