16 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
"მთავარი არხი" კომპანია "იფსოსთან" თანამშრომლობას წყვეტს

"მთავარი არხი" კომპანია "იფსოსთან" თანამშრომლობას წყვეტს. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციას არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებს.

არხმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტელეკომპანიის და თავად "იფსოსის" მიერ წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებულ მონაცემებში მნიშვნელოვანი განსხვავება აღმოაჩინეს. კერძოდ, "მთავარი არხის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, ზუგდიდის მერის არჩევნებს ოპოზიციის კანდიდატი ანზორ მელია იგებდა, თუმცა თავად კვლევითი ორგანიზაციის საიტზე აღნიშნულია, რომ მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატი მამუკა წოწერია იმარჯვებს.

მთავარი არხის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეჭვობს, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას.

თემაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება, ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი დარწმუნებულია, რომ ზუგდიდში ანზორ მელია იმარჯვებს, რაც შეეხება განსხვავებას "იპსოსის" მონაცემებს შორის უდუმაშვილი ამბობს, რომ საკითხის გარკვევას და მხარეებისგან განმარტებებს დაელოდება.  

"ქართული ოცნების" წევრი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ სიმართლე მაინც გამოაშკარავდა და რეალობა გამოვიდა წინა პლანზე. მისი თქმით,  საზოგადოებამ აქედან დასკვნა უნდა გამოიტანოს, რომ თაღლითური ინფორმაციის გამო დაპირისპირებაში არ ჩაერთოს:

"გაეპარათ თუ რა არ ვიცი, რეალობა მაინც გამოვიდა წინა პლანზე. ეს არის მინიშნება იმაზე, რომ საზოგადოებას განსაკუთრებული ყურადღება მართებს, რომ არ დაუშვას დაპირისპირება არასწორი, თაღლითური ინფორმაციის საფუძველზე,"- აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები