შეთქმულებისა და სახელმწიფო გადატრიალების სცენარს უკვე მოჰყვა პირველი პოლიტიკური შეფასებები. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიო მასალაში კანონდარღვევა არსად ფიქსირდება. ლევან ხაბეიშვილის თქმით, კონსტიტუციით მინიჭებულ ყველა უფლებას გამოიყენებენ იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის დაწესებულებაში გადაყვანა არ მოხდეს.
"სიგიჟეა, რომ რუპორით და აქციით თურმე აპირებს ბესი წერედიანი გადატრიალებას. ცხადია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არ მოხდეს გლდანის დაწესებულებაში. ამისთვის კონსტიტუციით მონიჭებულ ყველა უფლებას, მათ შორის აქციასაც და სხვა მანიფესტაციას თუ მანქანების კოლონებით გადაადგილებას და პროტესტს, რა თქმა უნდა, განვახორციელებთ და ამაში ვერავინ ხელს ვერ შეგვიშლის,“ - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფოს დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით. აღნიშნული ითვალისწინებს სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების, სხვადასხვა საშუალებებით ბლოკირებას.