ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურში, 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში დღეს მერები აირჩიეს. ყველა ქალაქში ერთმანეთს ძირითადად "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები უპირისპირდებოდნენ. გამონაკლისი არ არის ქუთაისი, სადაც მერობის მსურველმა კანდიდატებმა უბნებზე არჩევანი დილის საათებში დააფიქსირეს.
დილის 8 საათიდან გაიხსნა საარჩევნო უბნები კიდევ ერთ თვითმმართველ ქალაქ ბათუმში, სადაც ერთმანეთის კონკურენტები "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი კირთაძე, "ქართული ოცნებიდან" კი არჩილ ჩიქოვანი არიან.
ქალაქის ხელმძღვანელი უნდა აირჩიოს ფოთში რეგისტრირებულმა 41 128 ამომრჩეველმაც. "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე, რომელმაც კონკურენტს პირველ ტურში 8 პროცენტით მოუგო, ამჯერად შედეგის გაუმჯობესებას ელის. გიგი უგულავა კი ფოთის სამომავლო განვითარებისთვის ოპოზიციის გამარჯვებას ამჯობინებს.
მეორე ტური გადაწყვეტს ქალაქის მერის ვინაობას თვითმმართველ ქალაქ რუსთავში, სადაც 84 საარჩევნო უბანია გახსნილი და 107 000 - მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. მეორე ტურში გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც კონკურენტზე მეტ ხმას დააგროვებს.
თვითმმართველი ქალაქების გარდა, ხელმძღვანელობა 15 მუნიციპალიტეტშიც უნდა დაკომპლექტდეს. კახეთის რეგიონში, კონკრეტულად კი თელავში ლევან ანდრიაშვილი და გიორგი ბოტკოველი მერის პოსტზე იბრძოლებენ. თუმცა არჩევნების მეორე ტური ყვარელსა და პანკისშიც, საკრებულოების დასაკომპლექტებლად იმართება.
პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე, გამარჯვების მოლოდინი აქვ ოპოზიციას ზუგდიდში. ანზორ მელიასა და მამუკა წოწერიას შორის არჩევანის გარდა, ზუგდიდის მეოთხე ოლქში მოსახლეობა მაჟორიტარობის კანდიდატსაც აირჩევს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მერებისა და საკრებულოების მაჟორიტარი წევრების არჩევნების მეორე ტური 40 საარჩევნო ოლქში გაიმართა.