16 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
დაძაბულობა, სიტყვიერი დაპირისპირება და დაკავებები - როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესში ზუგდიდსა და რუსთავში

ზუგდიდში პირველი დაპირისპირება მე-20-ე უბანთან დაიწყო, რომელიც სიტყვიერ შელაპარაკებას მოჰყვა. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით 5 პირი დააკავეს, 1 "ქართული ოცნების", 4 კი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი. ადგილზე ჯერ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, შემდეგ კი ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატიც მივიდა.

შელაპარაკება "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ, მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრ, გიორგი მუმლაძესის იმ შეფასებას მოჰყვა, რომელმაც ადგილობრივები სეპარატისტული განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა. 

დაძაბული იყო ვითარება ზუგდიდის 72-ე საარჩევნო უბანზეც, სოფელ ჭითაწყარში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატების შტაბის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, საუბრობდნენ ამომრჩეველთა დაშინების მცდელობაზე. კონტრბრალდებები ჰქონდა "ქართულ ოცნებასაც". 

ხმაური ზუგდიდში სხვა საარჩევნო უბნებზეც იყო. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა 26-ე უბანზეც, სადაც ოპოზიციის დამკვირვებელი ხელისუფლების კანდიდატს არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებდა, საუბარი იყო ეგრეთწოდებულ კარუსელზე. ინფორმაციას მეორე მხარე კატეგორიულად უარყოფდა. 

დილიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა რუსთავშიც. 28 უბანზე პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე იყვნენ პარტიების ლიდერებიც და იყო ურთიერთბრალდებები საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. დაპირისპირება იყო ასევე 38-ე საარჩევნო უბანზე, დამკვირვებლებს შორის, სადაც მივიდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი. დაძაბული იყო ვითარება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მე-17-ე უბანზეც.

რუსთავში არჩევნები დილიდან ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციას გარკვეულ უბნებზე ჰქონდა პრეტენზიები კომისიის თავმჯდომარეებსა და წევრებთან და აცხადებდა, რომ ისინი მოქალაქეების პირად მონაცემებს უცხო პირებზე გასცემდნენ. 

რუსთავში ერთმანეთს კონკურენციას ნინო ლაცაბიძე და დავით კირკიტაძე უწევდნენ, ზუგდიდში კი მერობისთვის ანზორ მელია და მამუკა წოწერია იბრძოდნენ.

დღის ამბები