რუსთავის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ რუსთავში "ნაციონალურ მოძრაობას" დაძაბულობის შექმნა სურდა. ის მისი კონკურენტის, დავით კირკიტაძის აკრიტიკებს და ამბობს, რომ პოლიტიკოსს, უფრო მეტი მოთმინება მართებს.
ნინო ლაცაბიძემ მის კონკურენტზე საუბრისას 24 ოქტომბერს, დავით კირკიტაძის საარჩევნო ოფისის წინ მომხდარი დაპირისპირება გაიხსენა.
"ადამიანი, რომელიც არის დღეს პარლამენტის წევრი და ჩვენ ერთად ვისხედით პარლამენტში, ადამიანის რომელიც აცხადებს პრეტენზიას, რომ ქალაქი მართოს და იყოს ქალაქის მერი, ამ ადამიანს არ აქვს მოთმინების უნარი, არ აქვს ელემენტარული ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა მოქალაქესთან. როდესაც ის ბიჭი (ინციდენტი ყველამ ვნახეთ,) უყვებოდა როგორი რთული პერიოდი გაიარა მისი მთავრობის მმართველობის დროს, ნახა მთელმა საქართველომ, რომ დავით კირკიტაძემ ფიზიკურად იძალადა ამ ადამიანზე. ეს არის რაც ჩვენ ვნახეთ, დანარჩენს გამოძიება დაადგენს რა და როგორ იყო.
როცა ხარ პოლიტიკოსი, გმართებს უფრო მეტი მოთმინება, ხანდახან შეიძლება ბოდიშიც უნდა მოიხადო, მაგრამ ბოდიში რომ მოიხადო, ამას სჭირდება გამბედაობა, ვაჟკაცობა, რაც სამწუხაროდ, დავით კირკიტაძეს არ ეყო და რაც ველაზე კარგად გამოსდიოდა ძალადობა, იმ ხერხს მიმართა," - აცხადებს ნინო ლაცაბიძე.