ქუთაისის მერი, მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" იოსებ ხახალეიშვილი არჩევნების მე-2 ტურს აფასებს და ამბობს, რომ ღირსეულ გამარჯვებაში დარწმუნებულია. მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
"პირველ ტურში ჩვენ მოვიპოვეთ ძირითადი და მნიშვნელოვანი გამარჯვება, ეს გახლავთ უმრავლესობა ქუთაისის საკრებულოში, რომელიც ქართულ ოცნებას ჰყავს. ასევე, მოვიპოვეთ ძალიან სერიოზული გამარჯვება ქვეყნის მასშტაბით და გვაქვს დაახლოებით 47%, რომელიც უკვე ყველა კითხვის ნიშანსაც ხსნის, ჰაერიდან მოტანილ თემასთან დაკავშირებით, რასაც რეფერენდუმი ერქვა. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 1200 ხმით სხვაობა პირველი ტურის შემდეგ, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ჩემს ოპონენტს ჰქონდა პრივილეგია, რომ საბოლოო გამარჯვება გაეფორმებინა," - ამბობს იოსებ ხახალეიშვილი.
ქუთაისის მერობის კანდიდატი მოელის, რომ ქუთაისში მშვიდი ღამე იქნება, მისივე თქმით, დღეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას, არანაირი მნიშვნელოვანი დარღვევა არ გამოვლენილა.
"არ მაქვს იმის შესახებ ინფორმაცია, რომ რაღაც სერიოზული დარღვევა ყოფილიყო, რომელსაც შეეძლო რეაგირება მოეხდინა საბოლოო შედეგებზე უბნებში," - ამბობს იოსებ ხახალეიშვილი.