16 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
ევროკავშირის წარმომადგენლობა ყველა პარტიას მოუწოდებს, საარჩევნო პროცესში ჩართულობა განაგრძონ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ განცხადებას ავრცელებს, სადაც ისინი ყველა პარტიას მოუწოდებენ, საარჩევნო პროცესში ჩართულობა განაგრძონ.

"30 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო უბნებს დაუბრუნდნენ. ევროკავშირი კვლავ გამოხატავს მადლიერებას ამომრჩევლების, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების მიმართ მათი ძალისხმევისა და ჩართულობისთვის „კოვიდ-19“ პანდემიის პირობებში. გულითადად მივესალმებით ეუთო/ოდირისა და ევროპარლამენტის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას მეორე ტურის დროსაც.

მისიამ კვლავ დაასკვნა, რომ არჩევნები ზოგადად კარგად ადმინისტრირებული და საარჩევნო კამპანია კონკურენტული იყო, თუმცა მან ასევე დააფიქსირა ნეგატიური რიტორიკის გამწვავება, ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შენარჩუნებული ბრალდებები და რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი, რომელმაც მმართველ პარტიას უპირატესობა მიანიჭა და საასპარეზო პირობები შეცვალა.

პირველი ტურის შემდეგ განვაცხადეთ, რომ მასთან დაკავშირებით დაფიქსირებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა საქართველოში ნორმად არ უნდა იქცეს. ვწუხვართ, რომ ეს არჩევნები ამ მიმართებით დაკარგული შესაძლებლობა იყო. საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგა. პირიქით, გაჩნდა ახალი ხარვეზები, განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ძალადობრივი რიტორიკის კუთხით, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია.

ამ არჩევნებამდე გაჟღერებული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ითანამშრომლებს საკრებულოებთან, თუ ისინი განსხვავებულ უმრავლესობას აირჩევენ, შეშფოთებას იწვევს, რადგან ამომრჩეველთა არჩევანის შეზღუდვასა და პლურალიზმის ლიმიტირებაზეა მიმართული.

მოვუწოდებთ ყველა პარტიას, საარჩევნო პროცესში ჩართულობა განაგრძონ. საზოგადოების ნდობა მისი სამართლიანობის მიმართ მოითხოვს ინკლუზიურ, სანდო და გამჭვირვალე გადათვლის პროცესს და საჩივრებისა და აპელაციების სამართლიან განხილვას. ამ მხრივ უახლოეს დღეებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოებს ძირითადი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ლიდერები ჭეშმარიტ ძალისხმევას არ დაიშურებენ ისეთი პოლიტიკური კლიმატის შესაქმნელად, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მოლოდინების გამართლებას ხელს შეუწყობს. ეს მოიცავს მნიშვნელოვანი რეფორმების მრავალგზისი ვალდებულებების შესრულებას, განსაკუთრებით სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და ასევე, ჩვენი ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმებული დღის წესრიგის განხორციელების განახლებას, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის დაცვის ღირებულებებს ეფუძნება," - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის კომენტარში.

დღის ამბები