16 ნოემბერი 2024,   13:58
ვრცლად
თუ ეს ბოიკოტია, მაშინ საკრებულოში წარმომადგენლობაზეც უნდა თქვან უარი და პოლიტიკურად გასაგები იქნება ეს ნაბიჯი - სამადაშვილი ხაზარაძეზე

არღვევს თუ არა "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება პარლამენტის დატოვების შესახებ შარლ მიშელის დოკუმენტს - ამის შესახებ კომენტარი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააკეთეს.

სალომე სამადაშვილისთვის ხაზარაძის ეს ნაბიჯი პოლიტიკურად გაუგებარია, თუმცა შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევაზე საუბარი უჭირს, რადგან მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" უკვე თქვა უარი ამ დოკუმენტის შესრულებაზე. 

"რთულია იმაზე საუბარი, რომ ვინმე არღვევს შარლ მიშელის დოკუმენტს, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური განაცხადი გააკეთა, რომ არ აპირებდა ამ დოკუმენტის შესრულებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინია, რომ შეთანხმებაში მიღწეული შესაბამისი სამოქმედო ნაბიჯები გადაიდგმება, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. "ლელოს" პარტიის წარმომადგენლობიდან მხოლოდ მამუკა ხაზარაძე ტოვებს პარლამენტს. თუ ბოიკოტს აცხადებს ოპოზიცია, მაშინ ეს საკრებულოსაც უნდა შეეხოს და საკრებულოში წარმომადგენლობაზე ასევე უარი უნდა თქვას და მაშინ პოლიტიკურად გასაგები იქნება ეს ნაბიჯი,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

"გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის პარლამენტში შესვლის საპირწონე არცერთი მუხლი არ შეასრულა შარლ მიშელის დოკუმენტიდან, ასე რომ ამ დოკუმენტის მამუკა ხაზარაძის მხრიდან დარღვევაზე საუბარი უადგილოა. 

"მამუკამ გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი პარლამენტში არ არის, რადგან გარეთ შეუძლია ბევრად უფრო ეფექტური იყოს. მისი გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივს ვცემ. მიშელის შეთანხმების შინაარსი იყო 5 პუნქტი - კონკრეტული რეფორმები, რომელიც უნდა გატარებულიყო საარჩევნო სისტემაში, სასამართლო მართლმსაჯულების სისტემაში, არცერთი პუნქტი არ შესრულდა და ბოლოს საერთოდ თავზე გადაგვახიეს ეს შეთანხმება, ან რეფორმების სანაცვლოდ მოაწერა ხელი ოპოზიციამ და შესვლა იყო ოპოზიციის მხრიდან. ის შეთანხმება აღარ არსებობს და პარლამენტში რატომ უნდა იყოს,"- აცხადებს ზურა ჯაფარიძე. 

დღის ამბები