"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს კითხვით მიმართავს, თუ რითი იხელმძღვანელა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ, როდესაც მათ და გახარიას პარტიას ის საჩივარი არ დაუკმაყოფილა, რომლის იდენტური საჩივარიც "ქართულ ოცნებას" დაუკმაყოფილა.
"მინდა ვკითხო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რითი იხელმძღვანელა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ, როდესაც ერთი და იგივე საჩივარი უბნების გადათვლასთან დაკავშირებით პირველ ტურში დაუკმაყოფილა "ქართულ ოცნებას" და არ დაგვიკმაყოფილა ჩვენ და გახარიას პარტიას. ზუსტად ერთი და იგივე, იდენტური საჩივარი, ერთი და იგივე უბნებზე, სადაც ჩვენ ვითხოვდით გადათვლას, არ დაგვიკმაყოფილა ჩვენ.
როდესაც ვიკითხეთ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე და ეს მიმდინარეობდა ლაივში, რა იყო არგუმენტი, რატომ არ გვიკმაყოფილებდა ჩვენ საოლქო საარჩევნო კომისია საჩივარს და რატომ უკმაყოფილებდა "ქართულ ოცნებას", მაშინ, როდესაც ჩვენი წარდგენილი მტკიცებულებებიც იყო ერთი და იგივე, ტექსტიც იყო ერთი და იგივე წერტილ-მძიმით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პასუხი იყო ის, რომ ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება და თვითონ თვლიდა საჭიროდ, რომ "ქართული ოცნებისთვის" დაეკმაყოფილებინა საჩივარი და ჩვენთვის და გახარიას პარტიისთვის არ დაეკმაყოფილებინა საჩივარი და გადათვლის უფლება არ მიეცა.
როდესაც ჩვენ ვითხოვეთ ისევ ამ ფაქტთან დაკავშირებით ვიდეო მტკიცებულებები და რადგან უბნებზე იყო გადაღება, რომ გაეხნსათ და გვეყურებინა ერთად, რა ხდება კონკრეტულად ამ უბნებზე, გვეუბნებიან, რომ 5 უბნიდან 2-ის ვიდეო უბრალოდ არ არსებობს და არ აინტერესებს თურმე საოლქო საარჩევნო კომისიას საერთოდ რატომ ჰქონდა ხარვეზი მაინცდამაინც იმ 2 უბანს, რომელიც გადათვალეს და ვითომ ბათილ ბიულეტენებში აღმოჩნდა შემდეგ ის რამდენიმე ხმა, რომელიც გამარჯვებისთვის "ქართულ ოცნებას" დააკლდა, ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი იწვევს ეჭვს და აჩენს კითხვის ნიშნებს. სწორედ ამიტომაც არის უნდობლობა საოლქო საარჩევნო კომისიის," - განაცხადა ანი წითლიძემ.