"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია "დღის კურიერში" მამუკა ხაზარაძის მიერ საპარლამენტო მანდატზე უარის თქმას ეხმაურება. როგორც გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ხაზარაძისთვის მანდატი არასდროს ყოფილა პრიორიტეტი.
მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძის ამგვარი ნაბიჯით აჩვენა, რომ კიდევ უფრო შემტევად აპირებს ბრძოლის გაგრძელებას.
"ვფიქრობ, რომ მამუკა ხაზარაძე ძალიან კარგად იბრძოლებს სხვადასხვა ამპლუაში და ძალიან დიდ წვლილს შეიტანს შემდგომ კვირებსა და თვეებში იმ პროცესებში, რომელიც ქვეყანაში განვითარდება.
მე მას უკვე ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი მისი ხასიათი, მამუკასთვის მთავარია საქმე რა შინაარსს ემსახურება და რა შედეგისაკენ მიჰყავს პროცესი, ამიტომ, მისთვის მანდატი და პოზიციები არასდროს ყოფილა პრიორიტეტი, მისთვის პრიორიტეტი არის თუ რამდენად სწორია პროცესი, რომელსაც ის ემსახურება.
რაც შეეხება ბრძოლას, მე უკან დახევას ამაში საერთოდ ვერ დავინახავდი. პირიქით, ეს არის შეტევა. როგორ შეიძლება უკან დახევა იყოს, როდესაც შენ მანდატი გაქვს და შენი ნებით ტოვებ და ამას აქვს თავისი მორალური და პოლიტიკური ახსნა, რომელსაც მამუკა ძალიან პირდაპირ ეუბნება საზოგადოებას.
როდესაც შენ ძალიან ნათლად ამბობ, რომ აგრძელებ ბრძოლას კიდევ უფრო ფრონტალურად, შემტევად, ეს არის გაძლიერება ბრძოლის და იმ პროცესის, რომელიც წავა ამ ქვეყანაში," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.