პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ხელაშვილის განცხადებით, მას სურს, რომ არჩევნების დასრულება ქვეყანაში პოლარიზაციის, სიძულვილის, ტყუილისა და დაპირისპირების დასასრულიც გახდეს.
გიორგი ხელაშვილის თქმით, დაპირისპირების დასრულება აუცილებელია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის დასაჩქარებლად. მისივე თქმით, დასავლეთთან საქართველოს ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის და ქვეყნის და ხალხის გამდიდრებისთვის არის აუცილებელი.
"მინდა ვისურვო, რომ არჩევნების დასრულება ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის, სიძულვილის, ტყუილის და დაპირისპირების დასასრულიც იყოს - ამას მოელის ჩვენგან საქართველო, ამას მოელის ჩვენგან საერთაშორისო საზოგადოება.
დაპირისპირების დასრულება აუცილებელია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის დასაჩქარებლად.
ყველანი ვთანხმდებით, რომ დასავლეთთან საქართველოს ინტეგრაცია აუცილებელია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის და ქვეყნის და ხალხის გამდიდრებისთვის.
ახლა საქმის კეთების დროა, რასაც მოითხოვს ჩვენგან ჩვენი ხალხი და მოელიან საერთაშორისო პარტნიორები. კარგია, რომ ოპოზიციის ნაწილი, როგორც ვხედავ განცხადებებიდან, ამას აცნობიერებს, მაგრამ ულტიმატუმების წამოყენებას ვერ ელევა.
ყველა, ვინც დღეს დაპირისპირების გაგრძელებისკენ მოგვიწოდებს, ასუსტებს საქართველოს, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მომავალს და იმისდა მიუხედავად, აცნობიერებენ თუ არა, ჩრდილოელი მეზობლის იმპერიული პოლიტიკის წისქვილზე ასხამენ წყალს.
2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში, საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო ვერდიქტი, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების მიხედვით, კონკურენტული საარჩევნო გარემოს პირობებში, სადაც კანდიდატებს და პარტიებს კამპანიის წარმოების თავისუფლება ჰქონდათ.
ჩვენი, პოლიტიკოსების ამოცანაა, ყურად ვიღოთ ეს კრიტიკა, დავასრულოთ ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირება, უარყოფითი რიტორიკა და მტრობა თანამშრომლობით შევცვალოთ, მაგრამ ამას მმართველი პარტიის ნაბიჯები არ ეყოფა - უპირველესად ოპოზიციამ უნდა დაასრულოს ზიზღის და სიძულვილის თესვა და ძალადობისკენ მოწოდება.
რაც შეეხება პოლიტიზირებულ მედიას, მოვუწოდებ გაითვალისწინონ საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი და დაიბრუნონ ჟურნალისტის პროფესია. ნუღარ წაშლიან ზღვარს ტელევიზიებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის.
თუ სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთი ორგანიზაცია გააგრძელებს მუშაობას როგორც პოლიტიკური აქტივისტების ჯგუფი, სამწუხაროდ მათი წვლილი ქართული დემოკრატიის განვითარებაში სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება , ხოლო ხალხის მიერ მათ მიმართ ნდობის ხარისხი იმაზე დაბლა დაიწევს, ვიდრე აქამდე იყო," - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.