"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ იქამდე, ვიდრე საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვიან.
"პირველი - ეს არის მათი მხრიდან ხალხის წინაშე აღებული ვალდებულების დარღვევა. მეორე - შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა. მესამე - არ არის ეს პასუხისმგებლიანი საქციელი. მეოთხე - თუ მათ ბევრი აყვება, შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ეს ბუნებრივად მოხდება და ვის წისქვილზე დაასხამს წყალს, ეს შემდეგ საზოგადოებამ განსაჯოს.
ცოტა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ, როდესაც ასეთ განცხადებებს ცხელ გულზე აკეთებენ, მაგრამ ჩვენი მხრიდან ნამდვილად არ ვაპირებთ ხვეწნას. აღარ ვაპირებთ, რომ დავარწმუნოთ დარჩნენ საქართველოს პარლამენტში," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.