"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საპარლამენტო მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარტიასთან ერთხმად მიიღებს, თუმცა ბოკუჩავას თქმითვე, მნიშვნელოვანია ოპოზიციას დარჩეს შესაძლებობა, რათა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობლივი გადაწვეტილება იყოს, არამხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის", არამედ მთლიანად ოპოზიციის, იმიტომ, რომ მთავარი მიზანი მანდატების დატოვების არის პოლიტიკური წნეხი ივანიშვილის რეჟიმზე. ამიტომ, თუ ერთპარტიულობის მიღწევის შესაძლებლობა არ არსებობს, ვფიქრობ, რომ ნაკლებია ამ ზემოქმედების შესაძლებლობა "ქართულ ოცნებაზე". ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ საპარლამენტო ცხოვრების რუტინაში, იმიტომ, რომ მართლა ვერანაირ აზრს ამაში ვერ ვხედავ.
წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცესში ოპოზიცია იყოს ჩართული, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შიმშილობს და არის პოლიტიკური პატიმარი. თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ჩვენ დაგვრჩეს იმის შესაძლებლობა, რათა საკონსტიტუციო ცვლილებებს დავუჭიროთ მხარი, რომელიც გადაგვიყვანს სრულად პროპორციულ სისტემაზე.
გარკვეული აზრთა სხვადასხვა გუნდში ყოველთვის არსებობს, მაგრამ მნიშვნელოვანია ასეთ საკვანძო გადაწვეტილებებში, რომ პარტია მოქმედებდეს ერთსულოვნად და ამიტომ ფორმალური გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით იქნება ისეთი, რომელიც გაითვალისწინებს ერთიანობას," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ "დღის კურიერის" ეთერში.