მანიპულაციაა, თითქოს მამუკა მდინარაძემ თქვა - "სააკაშვილი თუ არ მოკვდება, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდი წერს.
ფეისბუქ გვერდის ინფორმაციით, სინამდვილეში, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის ნახევრად შიმშილობაზე, ხოლო ტელეეთერში ჰედლაინი არის ტყუილი და მანიპულაცია.
პარტია ამ განცხადებით "TV პირველზე" გასულ ინფორმაციას ეხმაურება.
"ჰედლაინად გამოაქვთ ფრაზა, რასაც ატვირთულ ვიდეოში მამუკა მდინარაძე საერთოდ არ ამბობს!!! კერძოდ - მანიპულაციაა, თითქოს მდინარაძემ თქვა - "სააკაშვილი თუ არ მოკვდება, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება".
სინამდვილეში, მამუკა მდინარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის ნახევრად შიმშილობაზე, ხოლო ჰედლაინი არის ტყუილი და მანიპულაცია" - წერს ფეისბუქ გვერდი და აქვე აქვეყნებს მამუკა მდინარაძის ვიდეოს, სადაც იგი ამბობს:
"41-ე დღეს ჩემი აზრით სასაცილო მდგომარეობა იქნება, იმიტომ, რომ ყველას ბავშვობიდან გვესმის, რომ ადამიანი 40 დღე ძლებს. მას უჭირავს ერთი ე.წ. კოზირი, რომ მისი ნებართვის გარეშე დეტალებზე მაგალითად იუსტიციის სამინისტრო ვერ იმსჯელებს და ვერ გაახმოვანებს. შესაბამისად ამისა, მას ეს კოზირი შეუძლია გამოიყენოს და ამ შემთხვევაში, ჩემი სუბიექტური აზრით იყენებს ძალიან ცუდად და 41-ე დღეს აღმოჩნდება სასაცილო მდგომარეობაში".