გენდერულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და დაასკვნა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში შალვა პაპუაშვილსა და თინა ბოკუჩავას შორის მომხდარი ინციდენტის დროს, ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ, მედიასთან ნინო წილოსანმა ისაუბრა.
ინციდენტი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მაშინ მოხდა, როცა დეპუტატებს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ. ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც, კერძოდ, თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა შალვა პაპუაშვილმა ის ხელში აიყვანა და ადგილიდან ასე გამოიყვანა.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გამოგვევლინა, იყო თუ არა გენდერულად, სპეციალურად ქალის მიმართ მიმართული დისკრიმინაცია. საბჭომ იმსჯელა ამ თემაზე დავადგინეთ, რომ მიზანმიმართულ ძალადობას ქალის მიმართ ადგილი არ ჰქონია,"- განაცხადა ნინო წილოსანმა.