მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება პოლიტიკურ სპექტრში შეაფასეს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად არაფერი გააკეთა.
"მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთი არაფრის მომცემი ბრიფინგი, რომელმაც ძალიან მძიმე სიტუაციაში, რაც ახლა ქვეყანაში არის, არანაირი როლი არ ითამაშა ამ სიტუაციის განსამუხტად. სამწუხაროა ძალიან, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ევალება კონსტიტუციურად, რომ კრიზისების განმუხტვაზე იზრუნოს, დღეს არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კრიზისები განიმუხტოს, იმისათვის, რომ ეროვნულ ერთობას ჰქონდეს ადგილი და იმისათვის, რომ მეტი კონსოლიდაცია ვნახოთ საზოგადოებაში, რომელიც მისივე თქმით, არის ძალიან ღრმად პოლარიზებული," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ქვეყნის პრეზიდენტი, ის ვიწროპარტიული ორგანიზაციის პრეზიდენტია, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია.
"ეს ქალბატონი არ არის ქვეყნის პრეზიდენტი და ვერც ათვითცნობიერებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტია. ის არის უბრალოდ ვიწროპარტიული ორგანიზაციის პრეზიდენტი, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია. რა მოლოდინი უნდა გქონდეს, რომ ის სახელმწიფოებრივ ნაბიჯს გადადგამს, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ახლა სალომე ზურაბიშვილი რა განცხადებას გააკეთებს და რას იტყვის. ახლა მნიშვნელობა აქვს ჩვენ - საქართველოს მოქალაქეები რას ვიზამთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დასაცავად," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მმართველ გუნდში კი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ლეგიტიმურად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი დამნაშვეა და მან სასჯელი სრულად უნდა მოიხადოს. "ქართულ ოცნებაში" ასევე ეხმაურებიან პრეზიდენტის განმარტებას, რომ სააკაშვილი განსაკუთრებულ პატიმრად უნდა ჩაითვალოს, სამთავრობო გუნდში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ყველა პატიმარი თანასწორია და ექსპრეზიდენტს კანონით გათვალისწინებული ყველა მომსახურება გაეწევა.
"პრეზიდენტმა იცის, რომ აღნიშნული პიროვნება სასჯელს იხდის მის მიერ კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისთვის, შესაბამისად არანაირი საფუძველი იმისა, რომ ეს ადამიანი იქნას შეწყალებული არ არსებობს და მან სასჯელი უნდა მოიხადოს იქ, სადაც ახლა არის განთავსებული.
რაც შეეხება იმას, რომ ის განსაკუთრებული პატიმარი უნდა იყოს, ამ პოზიციას ვერ გავიზიარებ გამომდინარე იქიდან, რომ ყველა მსჯავრდებული თანასწორია. მსჯავრდებული სააკაშვილი, ისევე როგორც სხვა მსჯავრდებულები, ისარგებლებენ ყველა იმ უფლებით, რაც კანონით არის განსაზღვრული და მინიჭებული," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ.