პოლიტიკოსები მესამე პრეზიდენტის შეწყალებაზე მეხუთე პრეზიდენტის უარს ეხმაურებიან - ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად არაფერი გააკეთა.
როგორც პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, პრეზიდენტმა გუშინ არაფერი თქვა სააკაშვილზე გარდა იმისა, რომ ის არ აპირებს მის შეწყალებას. ზაალ უდუმაშვილის თქმით, მას სხვა განცხადების იმედი არც ჰქონდა.
"პრაქტიკულად არაფერი არ თქვა მიხეილ სააკაშვილზე გარდა იმისა, რომ ის არ აპირებს მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. სიმართლე რომ გითხრათ, სხვა მოლოდინი არც მქონდა, არც იმას ველოდი, რომ გუშინ უცბად სალომე ზურაბიშვილში რაღაც სახელმწიფოებრივი მიდგომა გაიღვიძებდა. ახლა ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის სალომე ზურაბიშვილი ან რა განცხადებას გააკეთებს, ახლა მნიშვნელობა აქვს ჩვენს მოქმედებას და ბრძოლას," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, პრეზიდენტის ხელში შეწყალების უფლებამოსილება სწორედ ისეთი ადამიანების შესაწყალებლად არსებობს, რომლებიც დამნაშავეებად მიიჩნევიან.
"მე კონტრარგუმენტი რაც მოვისმინე არის ის, რომ მესამე პრეზიდენტი დამნაშავეა და ამიტომ არ შევიწყალებო. შეიწყალოს თუ არ შეიწყალოს, ეს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, მაგრამ ძალიან ხაზგასმით მინდა მას შევახსენო, რომ ზოგადად შეწყალების უფლებამოსილება არსებობს პრეზიდენტის ხელში სწორედ ისეთი ადამიანების შესაწყალებლად, რომლებსაც მიიჩნევენ დამნაშავეებად, ამისთვის არის მოგონილი შეწყალების ინსტიტუტი," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
განსხვავებული პოზიცია აქვს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" წევრს ლევან იოსელიანს, ის სრულიად იზიარებს პრეზიდენტის პოზიციას სააკაშვილთან დაკავშირებით.
"მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და პარლამენტის წევრი აბსოლუტურად ვიზიარებ პრეზიდენტის პოზიციას. ეს იყო სახელმწიფოებრივი პოზიცია ყველა იმ ნაწილში, რომელიც მან ჩამოთვალა. ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით მისი პოზიცია ცნობილია, მისი დისკრეციაა და იღებს გადაწყვეტილებას ისე, როგორც იღებს. მიხეილ სააკაშვილს, იცით, რომ არ ვთვლი პოლიტიკურ პატიმრად, შესაბამისად ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ცნობილია," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.