16 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა - ოპოზიციის უმრავლესობა ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებაზე პრეზიდენტის განცხადებას იზიარებს

პრეზიდენტის ინიციატივას პარლამენტში ეხმაურებიან. საგანგაშო ეპიდვითარების ფონზე, ოპოზიციის  წარმომადგენლების უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ვაქცინაციის დაჩქარების თაობაზე იწონებს. 

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგი ჩიხლაძე პრეზიდენტის ინიციატივას დადებითად აფასებს, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა ვაქცინაციასთან მიმართებაში საპატრიარქოს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

"დავიწყებ კარგი კომპონენტით, ეს არის როდესაც აცრების აქტუალობაზე საუბრობდა, ეს არის როდესაც საპატრიარქოს მოუწოდა  თანამშრომლობა, რომ აცრები უფრო პოპულარული გახდეს. ეს ნამდვილად კარგი იყო, მომეწონა. თუმცა, კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩემთვის, მაგალითად, როდესაც განაცხადა, რომ მკურნალობის კომპონენტი გახდეს ფასიანი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აცრა არ აქვს ჩატარებული," - ამბობს სერგო ჩიხლაძე. 

პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი, ლევან იოსელიანი პრეზიდენტის განცხადებას ეთანხმება და ამბობს, რომ ვაქცინაციის ტემპი უნდა დაჩქარდეს. 

"ყველა პუნქტი არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, დაწყებული პანდემიიდან, რა თქმა უნდა და ის გამოსავალი, რაც მან შესთავაზა საზოგადოებას, ჩემი აზრით არის სასწრაფოდ გასატარებელი. ვგულისხმობ ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას და ასევე კოვიდ პასპორტების შემოღებას,“ - ამბობს ლევან იოსელიანი.  

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ პანდემიასთან დაკავშირებით მკაცრი და სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ რისკჯგუფებისთვის აცრა უნდა იყოს სავალდებულო, აუცრელებისთვის კი ფასიანი მკურნალობის საკითხი უნდა განიხილონ. 

დღის ამბები