16 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
მთავრობა მკაცრ რეკომენდაციას აძლევს, რომ აიცრან, თუმცა ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაცია არ განიხილება - გიორგი ამილახვარი

პრეზიდენტის ინიციატივას, რისკჯგუფებისთვის სავალდებულო აცრის შემოღებასთან დაკავშირებით, ასევე ეკლესიის მეტი ჩართულობის შესახებ,  მმართველ გუნდში აფასებენ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ვაქცინაციის ჩატარება თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა.

"უნდა გვესმოდეს, რომ ვაქცინის მიღება დღეს არ არის მხოლოდ ჩვენი ინტერესის სფერო, ეს არის იმ პასუხისმგებლობის საგანი, რომელიც გაგვაჩნია ჩვენ, თითოეული ჩვენგანისა და სახელმწიფოს წინაშე. ასე რომ ეს საკითხები არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა დღეს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, თუ წახალისების მექანიზმები როგორ უნდა მოხდეს, ეს არის კონკრეტული უწყების, ამ შემთხვევაში საკოორდინაციო საბჭოს კომპეტენცია," - ამბობს რატი იონათამიშვილი.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ამილახვარის თქმით, ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი არ განიხილება.  

"რაც შეეხება სავალდებულო ვაქცინას,  ეს დამოკიდებულია საკოორდინაციო საბჭოს და მასში დარგის სპეციალისტების რეკომენდაციებზე. ამაზე თუ იქნება მსჯელობა, შესაძლებელია გარკვეულ რისკჯგუფებზე მიიღოს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ და მთავრობამ, თუმცა პრემიერის განცხადება იყო, ამ ეტაპზე არ იგეგმება არანაირი სავალდებულობა არც ერთი სეგმენტისთვის. ამიტომ, ეს არის მოცემულობა, რომ მთავრობა მკაცრ რეკომენდაციას აძლევს, მათ შორის რისკჯგუფებს, რომ აიცრან, თუმცა ამ ეტაპზე სავალდებულობა ამ საკითხის, არ განიხილება,“ - ამბობს გიორგი ამილახვარი. 

 

დღის ამბები