16 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
პროექტისათვის - "ბიო მრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება", გერმანია საქართველოს 5.2 მლნ ევროს გრანტს გამოუყოფს

საქართველოსა და გერმანიას შორის განვითარების სფეროში, თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის, ფინანსური თანამშრომლობის შესახებ.

"გერმანიის მთავრობა,აქტიურად უწერს საქართველოს მხარს არაერთი რეფორმის მიმართულებით, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ენერგო სექტორი,"- განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

დოკუმენტი ითვალისწინებს, გერმანიის მიერ საქართველოსთვის, 5.2 მლნ ევროს ოდენობით დამატებითი გრანტის გამოყოფას პროექტისათვის: "ბიო მრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება - საქართველო".

დღესვე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ხელი მოაწერა, დეკლარაციას მწვანე წყალბადის განვითარების მიმართულებით მხარდაჭერის შესახებ.

"ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც არის განახლებადი ენერგიის წყაროები, როგორიც არის საქართველო, გადაიყვანოს ენერგია მწვანე წყალბადში და მოახდინოს მისი ტრანსფორმირებამ,"- ამბობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავა. 

დოკუმენტი ითვალისწინებს, საქართველოში მწვანე წყალბადის წარმოების პოტენციალისა და სარგებლის შესწავლას. პროექტის განხორციელების მიზანია, ხელი შეუწყოს დამოკიდებულების შემცირებას ბუნებრივი გაზის იმპორტზე და მიწოდების უსაფრთხოების დონის ზრდას, ასევე განახლებადი ენერგიის განვითარების დაჩქარებას და ნახშირბადის გამოყოფის შემცირებას.

მოლაპარაკებების ფარგლებში, ასევე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს, საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამის თაობაზე.​

 "გაიმართა წარმატებული მოლაპარაკებები გერმანიისა და საქართველოს მთავრობებს შორის. დღეს, ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას. მთლიანობაში, ჩვენ 85 მლნ ევროს გამოვყოფთ ენერგო ეფექტურობისთვის, დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და ბიო მრავალფეროვნებისთვის. ამ პროექტების მხარდაჭერით კვლავ განვაგრძობთ ძალიან წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოსთან, რომელიც 30 წლის წინ დაიწყო. გერმანია საქართველოს განვითარების თანამონაწილეა და ვამაყობთ იმით, რომ ამ პროცესში შეგვაქვს ჩვენი წვლილი,"- გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.

დღის ამბები