16 ნოემბერი 2024,   14:04
ვრცლად
დარწმუნებული ვარ ოლსონის პოზიციაა დასრულდეს პოლარიზაცია და შეწყდეს სვლა იმ კატასტროფისკენ, რომელიც 90-იან წლებში გავიარეთ - დავით ბაქრაძე

რა გზავნილებით ჩამოვიდა საქართველოში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე - შეხვედრები პრემიერთან, პრეზიდენტთან და ქართველ პოლიტიკოსებთან. ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტს დეპუტატები ეხმაურებიან. აქცენტი სტრატეგიული პარტნიორების მორიგ დასტურზე კეთდება.

პარლამენტის წევრი დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ ერიკა ოლსონის პოზიცია ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებისკენ იქნება მიმართული. 

"ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ოლსონის პოზიცია, ისევე როგორც ყველა ჩვენი ამერიკელი პარტნიორის პოზიცია იქნება სწორედ ის, რა გამოსავალი უნდა მოიძებნოს და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოში, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია და მხოლოდ პოლარიზაცია, ქვეყანამ შეწყვიტოს სვლა იმ კატასტროფისკენ და დაპირისპირებისკენ, რომელიც ჩვენ უკვე 90-იან წლებში გავიარეთ - ეს არის დღეს მთავარი ამოცანა," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

როგორც პარლამენტის ფრაქცია "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია განმარტავს, ოლსონის ვიზიტი დასტურია, რომ სტრატეგიული პარტნიორი აშშ საქართველოს გასაჭირში არ მიატოვებს.

"ეს არის დასტური იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს არ მიატოვებს იმ გასაჭირში, რა გასაჭირშიც დღეს ქვეყანა იმყოფება. გამოვყოფდი ცალსახად იმ დემოკრატიის კრიზისს და უკან გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებზეც შეერთებული შტატები არაერთხელ მიუთითებს ხელისუფლებას და ცალსახად მართლმსაჯულების რეფორმასთან მიმართებაში. ამან შესაძლოა დააზიანოს მთლიანად საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება," - ამბობს თეონა აქუბარდია.

მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ ოპოზიცია გარკვეული თემებით მანიპილირებას ცდილობს რაზეც უმრავლესობას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრისას შესაბამისი განმარტება ექნება. 

"რითაც დაინტერესდებიან ყველაფერ ამაზე ბუნებრივია გვექნება საუბარი, მათ შორის თუ თქვენ გაინტერესებთ ჩვენი პოზიცია იგივე მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო ხელისუფლების საკითხების ირგვლივ და ა.შ. ბუნებრივია, რომ ჩვენ გვექნება კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ რეალურად გავაცნოთ ჩვენს პარტნიორებს რეალურად არსებული მდგომარეობა საქართველოში, რომელიც არც ისეთი მანკიერია, როგორც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ამის წარმოჩენას," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები