"ქართული ოცნების" წევრი, დიმიტრი ხუნდაძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ ხალხმრავალი საპროტესტო აქციებისგან თავი შეიკავონ, რადგან ეს ეპიდვითარებას ძალიან დაამძიმებს.
"მე მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკოსს, ყველა პოლიტიკური ჯგუფის ლიდერს, რომ შევძლოთ და შევხედოთ ამ ვითარებას ზეპარტიულად, ზეპოლიტიკურად და თავი შევიკავოთ მასშტაბური აქციებისგან. ბოლოს და ბოლოს გადავდოთ ეს პროცესი, რომ ქვეყანა არ შევიყვანოთ შეუქცევად პროცესში, შესაძლოა უმართავი პროცესი მივიღოთ.
კლინიკები არის გადაძაბული, მედპერსონალი პრაქტიკულად თავისი შესაძლებლობის ზედა ზღვარზეა და ამიტომ მათაც უნდა გავუგოთ. მათაც აქვთ თავიანთი შესაძლებლობის რესურსი, ამიტომ შევხედოთ რეალობას და პოლიტიკურ ამბიციებს არ უნდა გადავაყოლოთ საზოგადოებისა და ქვეყნის უსაფრთხოება.
საარჩევნო პროცესს ახასიათებს ასეთი მახასიათებლები - ემოცია, შეკრებები. რეგულაციები არ კრძალავს პოლიტიკურ შეკრებებს, მაგრამ დასრულდა [საარჩევნო პროცესი]. შეკრიბა პოლიზიციამაც, ოპოზიციამაც თავისი მომხრეები, დასრულდა არჩევნები, ახლა მუდმივად ქუჩაში მოწოდება ხალხის, რა თქმა უნდა, ეპიდვითარებას დაამძიმებს და მე ვფიქრობ პასუხისმგებლობა პოლიტიკოსებს გამორჩეულად უნდა ჰქონდეთ მაღალი," - განაცხადა ხუნდაძემ "დღის კურიერის" ეთერში.