თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასა და მის კლინიკაში დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ამბობს, 18-ე დაწესებულება სამკურნალო დაწესებულებაა, რომელიც მთლიანად არის უზრუნველყოფილი იმისათვის, რომ პატიმრის მზრუნველობა განხორციელდეს მაღალი სტანდარტებით და მოხდეს მასზე დაკვირვება.
"ნომერ 18-ე დაწესებულება, სამკურნალო დაწესებულებაა, იქ არის ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ ასეთი კატეგორიის პატიმრის მზრუნველობა განხორციელდეს მაღალი სტანდარტებით და მოხდეს მასზე დაკვირვება, თუკი მოცემული პატიმარი მართლაც შიმშილობს, მოშიმშილე პატიმარს ჰქონდეს ერთი მხრივ მზრუნველობა, მაგრამ დაკვირვება ასევე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე მოხდეს მდგომარეობის შეფასება და გადაფასება.
ამიტომაც, მე-18 დაწესებულება ვფიქრობ, რომ იმდენად რამდენად შეიძლება ეს არაპროფესიონალმა შეაფასოს, არის მისაღები მით უფრო, რომ ამავე აზრის არის სამედიცინო სპექტრის უმრავლესობა. მთავარი მაინც არის ის, რომ გაირკვეს, რას ნიშნავს ამ შემთხვევაში შიმშილობა, იმიტომ, რომ იუსტიციის მინისტრობისას მრავალნაირი შიმშილობა მინახავს მშრალიც, სხვაგვარიც შიმშილობა, ასევე სხვა პროტესტის ფორმებით და რეალობიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება.
ყველანაირი იმ ტიპის პროტესტი, დამარცხდი და გაბრაზებული ხარ, სასოწარკვეთილი იგონებ რაღაცებს, რომ როგორმე არიო ქვეყანა, არის უკვე ყავლგასული. ყველას გვაქვს მობეზრებული. მე არ მგონია, ქვეყანაში არსებობს ერთი ადამიანიც კი, რომელიც მისმენს და იფიქრებს, რომ მიხარია ეს და არ მომბეზრდა, ყველას მოგვბეზრდით. დაველოდოთ 2024 წლის არჩევნებს, თუ გაიმარჯვებთ აგერ ხარ თქვენც და აგერ არის ხელისუფლების სადავეები. მანამდე ქვეყანას მართავს "ქართული ოცნება" და ერთის გარდა ყველგან "ქართული ოცნების" მერია.
ჩვენ ვაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც დავიწყეთ და იმ პასუხისმგებლობების ტარებას, რომელიც ამომრჩეველმა რამდენიმე წლის წინ დაგვაკისრა. ამიტომ, რაც ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ ძველმოდურ ქცევებს, დღეს ეს 2003 წელი არ არის, ძალიან ბევრი წელი გავიდა ვარდების ჰაერში ფრიალის შემდეგ. არის ის წელი, რომელიც არის და მოვიქცეთ 2021 წლის შესაბამისად და დაველოდოთ მომდევნო ციკლს საპარლამენტო არჩევნების," - ამბობს თეა წულუკიანი.