საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" არის სწორედ ის ხელისუფლება, რომელმაც ციხეებში წამება და არაადამიანური მოპყრობა დაასრულა.
ეს განცხადება მან "ღამის კურიერის" ეთერში, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრის დროს გააკეთა. როგორც რატი ბრეგაძე ამბობს, ციხის კვალიფიციური პერსონალი თითოეული პატიმრის ჯანმრთელბასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის.
"ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელმაც წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეებში დაასრულა და ეს საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს. პირველ რიგში, არ უნდა დაავიწყდეთ ჩვენს ოპონენტებს. ის, რომ პატიმარს, შემოსახლებისთანავე მივეცით ტელევიზორი, მივეცით მაცივარი. თავიდან ამბობდნენ, რომ ვითომ ლეიბი არ აქვს, რაც არის მტკნარი სიცრუე.
ის, რომ ყოველდღე ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს ციხის კვალიფიციური პერსონალი, დღეს და ღამეს ათენებს ციხის პერსონალი იმისათვის, რომ როგორც სააკაშვილი, ასევე სხვა პატიმრების უსაფრთხოება იყოს დაცული, ასევე, რა იგულისხმება არაადამიანურ მოპყრობაში? ის, რომ ამ პატიმარს იმის შესაძლებლობა აქვს, რომ უკვე 130-მდე თუ ცოტათი მეტი ვიზიტორი ჰყავდა, ეს არის? ის, რომ მასთან თითქმის შეუზღუდავად შედიან სხვადასხვა ადამიანები, როგორც დეპუტატები, ასევე მისი უფლებადამცველები...
თამამად უნდა ითქვას, რომ ჩვენ საერთოდ არ გვაქვს ვალდებულება, რომ ისინი შევუშვათ. იმ სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომლის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილია, უკრაინის წარმომადგენლები. ჩვენ საერთოდ შეგვეძლო, რომ ის ხალხი საერთოდ არ შეგვეშვა. მაგრამ, იმისათვის, რომ არა მხოლოდ ის უფლებები, რომლის დაცვის ვალდებულებაც ჩვენ გვაქვს და რომელშიც არ უნდა ჩავერიოთ, არამედ პირიქით, პოზიტიურ გაგებით შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად, მისი უფლებების სრულად რეალიზება მოხდეს. ეს არის წამება?“ - ამბობს რატი ბრეგაძე.
რატი ბრეგაძის თქმითვე, პენიტენციური სამსახური ხელმძღვანელობდა და მომავალშიც იხელმძღვანელებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
"რაც შეეხება კერძო და სამოქალაქო კლინიკას, რომელიც მართლაც არის აკვიატებული ტერმინი ოპონენტების მხრიდან და საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ეს კონსილიუმმა თქვა. კონსილიუმის არც ერთ დასკვნაში არ ყოფილა საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია და მით უმეტეს, სამოქალაქო კლინიკაში.
ეს ტერმინი საერთოდ არ ყოფილა ნახსენები, შესაბამისად, ჩნდება განცდა იმისა, რომ ეს ხალხი, რომელიც საუბრობს სამოქალაქო კლინიკაზე, ცდილობენ, რომ რაიმე ფორმით მოხდეს ამ ადამიანის გაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. იმიტომ, რომ ბუნებრივია, იქ მის უსაფრთხოებას დასჭირდება ბევრად ძალა სახელმწიფოს მხრიდან და შეეცდებიან, რომ იქ მოაწყონ პროვოკაცია," - ამბობს რატი ბრეგაძე.