16 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
30 ოქტომბრის მერე მართლაც მივიღე რამდენიმე ბოთლი წვენი, საკვებს არ ვიღებ - მიხეილ სააკაშვილი

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 1 ოქტომბერს შიმშილობა გამოაცხადა, ამბობს, რომ 30 ოქტომბრის მერე ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით რამდენიმე ბოთლი წვენი ნამდვილად მიიღო, თუმცა არანაირ საკვებს არ იღებს. ამჯერად სააკაშვილი მინერალების და ვიტამინების მიღებაზეც უარს აცხადებს:

"რაც შეეხება ჩემი შიმშილობის დეტალებს და "ხელისუფლების" განცხადებებს:

კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ბოლო ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში (და ეს არ იყო ის პროცედურა, რაც მედიაში გავრცელდა) მოხდა 5 წლის წინ და ჩვეულებრივად შემიძლია საკვების მიღება და არც მადას ვუჩივი.

30 ოქტომბრის მერე მართლაც, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შედის შიმშილობის პროტოკოლში, მივიღე რამდენიმე ბოთლი წვენი. არანაირ საკვებს მე არ ვიღებ, მიუხედავად დაჟინებული შეთავაზებისა კონსილიუმის ზოგიერთი წევრის და ადგილობრივი ექიმების მხრიდან, ხოლო რასაც ვიღებ ყველაფერზე აქტი დგება და ხელს ვაწერ.

​დღეს დილიდან, რათა საბოლოოდ გამოვრიცხო ყველანაირი სპეკულაცია, უარი ვთქვი არა მხოლოდ წვენზე, არამედ მინერალზე, ვიტამინზე(გლუკოზის აბებზე), რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა.

ეს ნიშნავს რომ ნებისმიერ წუთს და მაქსიმუმ რამდენიმე დღეში, მძიმე გართულება გარდაუვალია. ზოგიერთი გართულება უკვე ისედაც აშკარაა და ბოლო დღეებში ადმინისტრაციას მოუხდა უკვე, რამდენიმე გარე სპეციალისტის გამოძახება.

ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინის და ივანიშვილის მიზანია ჩემი ფიზიკური განადგურება და ისინი ამ მიზანთან ძალიან ახლოს არიან.

ახლა მე მაქვს იმედი ქართველი ხალხის სოლიდარობის, ადამიანურობის და მოქალაქეობრივი პოზიციის.

გაუმარჯოს ჩვენ თავისუფლებას!" - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები