16 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
აქცია რუსთავის ციხესთან - რა მოთხოვნები აქვთ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მომხრეებს 

უკვე 1 საათია  რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მომხრეები არიან შეკრებილი. აქციის ძირითადი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნებია. დამონტაჟებულია სცენა და გადაკეტილია გზები.

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ უპირველესი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაა. შემდგომ კი მისი პოლიტიკური ტყვეობიდან დახსნა და ვადამდელი არჩევნები.

მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას უერთდება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც. მისი თქმით, მთავარი არის არა ის, ვის მოწონს და არ მოწონს სააკაშვილი, არამედ ის, რომ ირღვევა მისი უფლებები:

"მიუხედავად  იმისა ვინმეს სააკაშვილი მოწონს არ მოწონს, როგორ აფასებს იმ წარსულს, ამას არანაირი შინაარსი არ აქვს, სინამდვილეში რაც ხდება - ირღვევა მისი უფლებები.

მე ვუერთდები ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას, ოღონდ მგონია ვადამდელი არჩევნების მისაღწევად სხვა ტიპის პროტესტებიც არის აუცილებელი," - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე იმსახურებს სამართლიან სასამართლოს, რისი უფლებაც ახლა მას არ ეძლევა.

"ჩვენ დღეს უნდა გადავწყვიტოთ ხალხმა, სად უფრო სჭირდება ქვეყანას მიხეილ სააკაშვილი - საპატიმროში, თუ მისი ენერგია, მისი გამოცდილება, მისი კონტაქტები გამოვიყენოთ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის," - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

შეკრება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და პერიმეტრზე სამართალდამცავების სიმრავლეა, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა განცხადება მოსალოდნელი საფრთხისა და ინციდენტების შესახებ.

დღის ამბები