16 ნოემბერი 2024,   13:56
ვრცლად
შიმშილობა თუ ფაფების მენიუ, რომელიც ჩვილებისთვისაც სასარგებლოა - მოშიმშილე ექსპრეზიდენტის კვების ვიდეოკადრები რუსთავის ციხიდან

ვიდეომასალით, სადაც ასახულია, თუ როგორ იკვებება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობის 37 დღის განმავლობაში საკვებს იღებდა.

ვიდეოკადრები უწყებამ დღის ბოლოს გაავრცელა იმ მოტივით, რომ მაღალი საჯარო ინტერესი არსებობდა. ჩანაწერებში ჩანს, ექიმების თანდასწრებით დღის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასხვა დღეს, როგორ იღებს პატიმარი სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს. პენიტენციურმა სამსახურმა ვიდეომასალასთან ერთად ფოტოებიც გაავრცელა.

შვედური წარმოების ფაფა, რომელსაც ჩვილობიდან იღებენ, რძის შემცველი და მინერალებით გამდიდრებული პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ ვიტამინებს და რამდენიმე წუთში მზადდება. ​პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, ეს ის პროდუქტია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ექიმების თანდასწრებით მიიღო.

320-ე საკნის პატიმარი შიმშილობს, თუ იკვებება - ამ შეკითხვაზე იუსტიციის მინისტრმა ცალსახა პასუხი "რუსთავი 2-ის" ეთერში გასცა.

"ღამის კურიერისთვის" მიცემულ ექსკულზიურ ინტერვიუში რატი ბრეგაძე ამტკიცებდა, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ფაფებს მიირთმევდა და არც ნატურალურ წვენებზე ამბობდა უარს. პატიმრის პერსონალური ინფორმაცია მან სადეპუტატო შეკითხვის საპასუხოდ გაასაჯაროვა. თუმცა, მინისტრს არ დაუკონკრეტებია როგორ ხვდება პროდუქტი საკანში.

იუსტიციის მინისტრის განცხადებას მალევე მოყვა მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროტესტი. მსჯავრდებულმა წამლების დალევა შეწყვიტა. ასევე უარი თქვა სამედიცინო დახმარებაზე და იმ მინერალებზეც, რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურება. დაადასტურა, რომ კუჭის ოპერაცია გაიკეთა, თუმცა 5 წლის წინ და არც ის დაუმალავს, რომ რამდენიმე ბოთლი წვენი მართლაც მიიღო, რადგან ეს შიმშილობის პროტოკოლში შედიოდა. 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგოამრეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ციხის ექიმმა მიაწოდა. პენიტენცირუი სამსახურის წარმოამდგენლბი აცხადებენ, რომ მსჯავრდებული ექიმთა კონსილიუმის მეთვალყურეობის ქვეშ არის და მისი მდგაორეობაც სტაბილურია.

სახალხო დამცველი, იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და გამოქვეყნების საკითხს შეისწავლის. 

მმართველი პარტიის ლიდერებისთვის იუსტიციის მინისტრის განცხადება მორიგი საფუძველი აღმოჩნდა იმისა, რომ ექსპრეზიდენტი პოლიტიკურ სპეკულაციებსა და სიცრუეში კიდევ ერთხელ დაედანაშაულებინათ. 

დღის ამბები