16 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
ისევ შვიდ ნოემბერს და ისევ პარლამენტის წინ - ხვალ, რუსთაველის გამზირზე 14 წლის წინ მომხდარ მოვლენებს გაიხსენებენ

ხვალ, საღამოს 5 საათზე, პარლამენტთან, იქ სადაც, 14 წლის წინ 7 ნოემბრის აქცია დაარბიეს, კვლავ შეიკრიბებიან. თბილისის მთავარი გამზირი ამჯერად მაშინდელი მოვლენების გასაპროტესტებლად გადაიკეტება. აქციის ორგანიზატორებისთვის 7 ნოემბერი ის თარიღია, რომელიც ქვეყნის ისტორიაში აღარ უნდა განმეორდეს და რომელიც წლების გასვლის მიუხედავად, საზოგადოების მეხსიერებაში მაინც რჩება.

საპროტესტო აქციას ორგანიზებას რამდენიმე ჯგუფი უწევს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის". აქციის ორგანიზატორების თქმით, ხვალინდელ შეკრებას უერთდებიან ისინი, ვინც 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევისას თავად დაშავდნენ და ისინიც, ვინც, დაზარალდნენ "ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიანი მმართველობის დროს. ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - შეახსენონ საზოგადოებას ის, რაც 14 წლის წინ მოხდა.

7 ნოემბრის დაზარალებულების გარდა, რუსთაველზე ხვალ ახალგაზრდებიც მივლენ - ისინი, ვინც 14 წლის წინ აქციაზე არ მდგარან, თუმცა, იგივეს განმეორება საკუთარ ქვეყანაში აღარ სურთ. აქციის ორგანიზტორები ხვალ დეტალურად გაიხსენებენ 2007 წლის ნოემბერს, იმ მიზეზებს, რის გამოც რუსთაველზე საპროტესტო აქცია დაიწყო და დღეს, როდესაც ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია.

დაანონსებული აქცია უკვე გახდა პოლიტიკური შეფასებების საგანიც. ყოფილი ხელისუფლებისთვის შეკრება არაგულწრფელია, მმართველი ძალის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში კანონი უზრუნველყოფს და ყველას აქვს უფლება საპროტესტო აქცია გამართოს.

14 წლის წინ, 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. იმავე დღეს ტელეკომპანია "იმედში" სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა, რასაც შედეგად ტელევიზიის დროებით დახურვა, მოგვიანებით კი მისი მფლობელისთვის ჩამორთმევა მოჰყვა. მომიტინგეების დარბევას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი ფართომასშტაბიანი აქციები, რომლის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადადგომა იყო.

დღის ამბები