იქ, სადაც 14 წლის წინ აქცია დაარბიეს, დღეს დემონსტრანტები 7 ნოემბრის გასახსენებლად, შედეგების შესახსენებლად და გასაპროტესტებლად კვლავ შეიკრიბნენ. პარლამენტთან უფლებადამცველების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკოსების და აქციის დარბევის დროს დაზარალებულების საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები უახლესი ისტორიის კლასიკური მაგალითია, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის გასაჩუმებლად.
"კარგად მახსოვს, წვიმიანი დღე იყო დარბევა რომ დაიწყო, ცრიდა. ეს ყველაფერი ახალგაზრდა თაობას უნდა გავახსენოთ, ეს ჩვენი უახლესი ისტორიაა. მითხრეს, რომ "ნაციონალები" ამბობენ, წარსულს რატომ გვახსენებთო , თუ წარსული არ გვახსოვდამ მომავალი არ გვექნება, როგორ შეიძლება დაივიწყო ამათი საქციელი, რაც ამათმა ჩაიდინეს, ხალხი სისხლიანი ცრემლებით ატირეს,"- აცხადებს სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი.
14 წლის წინ რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს იხსენებს ყოფილი პოლიტპატიმარი რატი მაისურაძეც, ის ამბობს, რომ ქართველ ხალხს სასაკლაო მოუწყვეს:
"ამ ადგილას სრული სასაკლაო მოუწყვეს ქართველ ხალხს და ეს ყველაფერი ჩვენ არ გვავიწყდება. არ გვავიწყდება ის მდგომარეობა, რაც მთელს საქართველოში იყო, არა მხოლოდ თბილისში და ამ ადგილას, როგორ უსწორდებოდნენ ადამიანებს, ეს კადრები ყველამ ძალიან კარგად ვიცით,"- განაცხადა რატი მაისურაძემ.
რუსთაველზე განვითარებული მოვლენები გაიხსენა საკრებულოს წევრმა, ვატო შაქარიშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს დღე ერთ-ერთი მძიმე დღე იყო საქართველოს ისტორიაში.
"ეს არის უახლეს იტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე. დღე, როდესაც ერთ დღეში იყო რეჟიმის სრული გამოვლინება, ეს იყო სისხლში ჩახშობა ჯანსაღი და მშვიდობიანი პროტესტის, მოშიმშილეების დარბევა, რეალური მოშიმშილების და არა ისეთის, როგორადაც დღეს გვევლინება სააკაშვილი,“- აცხადებს ვატო შაქარაშვილი.