2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გასახსენებლად, საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეებმა შეკრება 4 საათიდან დაიწყეს, ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, ცენტრალურ გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეწყდა.
"სოლიდარობა, 7 ნოემბრის და მაშინდელი ხელისუფლების მსხვერპლს" - ეს ის ძირითადი მესიჯი იყო, რის გამოც, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილების თქმით, აქციაზე მისვლა გადაწყვიტეს, სანთლები აანთეს და წუთიერი დუმილით წინა ხელისუფლების პერიოდში დაღუპულ მოქალაქეებს პატივი მიაგეს.
ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით, ხელკეტები და ცოცხალი ძალით, 2007 წლის 7 ნოემბრის დილას პოლიციამ მომიტინგების დაშლა დაიწყო. ეს მაშინ,მოხდა როდესაც ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეთა ნაწილი კარვებში იმყოფებოდა. დარბევა რუსთაველის გამზირზე დაიწყო და რიყეზე გაგრძელდა, ღამით კი სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია "იმედში" შეიჭრა და მაუწყებლობა გათიშა.
აქცია 4-წუთიანი ფილმის ჩვენებით დაიწყო, სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე, ორგანიზატორებმა ის კადრები გაუშვეს, სადაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით შეკრებილი მოქალაქეების დარბევა იყო ასახული.
”არ აგარევინებთ ”- ამ მოწოდებით პარლამენტის წინ , 7 ნოემბრის დარბევის დროს დაზარალებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, უფლებადამცველები და ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, ვისთვისაც 14 წლის წინ მომხდარი ფაქტი მიუღებელია
ამის შემდეგ ტრიბუნა გამომსვლელებმა დაიკავეს. გაიხსენეს დარბევის დროს სასტიკად ნაცემი აქციის მონაწილეები და სოლიდარობა გამოუცხადეს იმ ადამიანებს და ოჯახებს, რომლებიც მაშინდელი ხელისუფლების მსხვერპლი იყვნენ . შეკრებილებს სიტყვით მართა ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
7 ნოემბრის მოვლენების გასახსენებლად შეკრებილებს მიმართეს პოლიტპატიმრებმაც.
დღეს ტრიბუნიდან კონკრეტული ინიციატივებიც ისმოდა. გამოცხადდეს 7 ნოემბერი სიმბოლურად ღირსების დღედ. "აი იას“ დამფუძნებელმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა. გია გაჩეჩილაძის თქმით, ამ დღეს ადამიანებმა, ზეწოლის და მუქარის მიუხედავად, უკან არ დაიხიეს და მაშინდელი რეჟიმი გააპროტესტეს.