პარლამენტში საქმიანობაზე ოპოზიციის ნაწილის უარის ფონზე, პრემიერი პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობის ფორმატს საკანონმდებლო საქმიანობასა და საპარლამენტო დებატებში ხედავს. არჩევნების მეორე ტურის შემდეგ პოლიტიკურ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
როგორი იქნება სახელისუფლებო გუნდის ურთიერთობა პოლიტიკურ ოპონენტებთან, ეს, მმართველი პარტიის თავმჯდომარის შეფასებით, მთლიანად ოპოზიციაზეა დამოკიდებული. ირაკლი კობახიძე პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს ურჩევს კანონის ჩარჩოში დარჩნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მმართველი პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ნებისმიერ ქმედებას კონტექსტის გათვალისწინებით, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების აუცილებლობაზე დღეს ის პარტიებიც ალაპარაკდნენ, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებენ. მხარეებს შორის დიალოგის ინიციატორები "ლელოს" ლიდერები არიან. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდნენ. ლელო კრიზის განმუხტვის და ვითარების დასტაბილურების მომხრეა. პარტიის ლიდერები ერთ-ერთ მთავარ საკითხად სამოქალაქო კლინიკაში ექსპრეზიდენტის გადაყვანას ასახელებენ და აქვე, იმასაც ამბობენ, რომ "ლელოს" პოზიცია არ არის ხელისუფლებაში სააკაშვილის დაბრუნების ხელშეწყობა.
"ლელოს" მსგავსად, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის საკუთარი ხედვა აქვთ სხვა პარტიებსაც. დანარჩენი ოპოზიციისთვისაც ვითარების განმუხტვის საშუალებად დიალოგი უალტერნატივოა და ამბობენ, რომ მხარეებმა კომპრომისზეც უნდა იფიქრონ.
პოლიტიკური ოპონენტებთან დიალოგის მზაობა მმართველ პარტიაშიც აქვთ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, პირისპირ საუბრის პრობლემა არასდროს ჰქონიათ. სახელისუფლებო გუნდის ნაწილს კი მიაჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობს საკითხები, რაზეც შეთანხმება შეუძლებელია.
დაიწყება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი ჯერ უცნობია. ორივე მხარე ამისთვის მზად არის, თუმცა შემხვედრ ნაბიჯებს ერთმანეთისგან ელოდებიან.