გლდანის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მივიდნენ.
ბექა ბასილაიას განცხადებით, რუსთავის ციხე სააკაშვილის მისაღებად მზად არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ არასამუშაო საათებია, ბექა ბასილაია ამბობს, რომ არაორდინარული სიტუაციიდან გამომდინარე, ის ციხეში უნდა შეუშვან. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ არც შეუშვან.
"ეს დაწესებულება არ იყო სააკაშვილის მისაღებად მზად. ფსიქოლოგიური ზეწოლა უკვე საფრთხეა. დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უაღრესად სუსტი იყო. დღეს ის მოიტაცეს, პატიმრობაში მყოფი ადამიანი მოიტაცეს - ამაზე უსინდისო, მდაბიო და კრიმინალური რა შეიძლება ჩაიდინოს ხელისუფლებამ. ახლა ერთადერთი იმის იმედი გვაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფერს გაუძლებს.
სამართლებრივი თვალსაზრისით, ჩვენ ვაპირებთ ყველა შესაძლო მექანიზმი, მათ შორის ადამიანის უფლებათა მოშველიებით ევროსასამართლოს მივმართოთ.
ხმაური, რომელიც დღეს ციხეში იყო, პერმანენტულია, ხვალ და ზეგ კიდევ რა იქნება ღმერთმა უწყის. სპეცრაზმელები რატომ დგანან აქ? - იმიტომ რომ ელოდებიან პატიმრების მხრიდან შესაძლო ანგარიშსწორებას იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილმა კრიმინალი დაამარცხა. ეს თუ რისკი არ არის, სხვა რა შეიძლება იყოს რისკი. არის რისკი, რომ ამ შეძახილებს ბუნტი მოყვეს," - აცხადებს ბექა ბასილაია.