16 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
ამათ არ იციან, რომ მოწამვლისას 10-კაციანი თათბირი კი არ ხდება, 2-კაციანი ჯგუფებია მომწამვლელი - რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

რამდენად რეალურია სცენარი, რომელზეც "ქართული ოცნება" საუბრობს - ირაკლი კობახიძის ინფორმაცია, ელენე ხოშტარიას შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებები საგანი გახდა.

ოპოზიციაში განმარტავენ, რომ ეს სიცრუეა არც ხალხის განწყობაზე არ იქონიებს გავლენას მსგავსი განცხადებები. 

"წარმოგიდგენიათ, რომ 10 კაცი, თურმე, სადღაც, გუშინ დავსხედით და უნდა მოვწამლოთ ელენე ხოშტარია? ამათ არ იციან, რომ მოწამვლისას 10-კაციანი თათბირი კი არ ხდება, 2-კაციანი ჯგუფებია მომწამვლელი. როგორი განცხადებებიც არ უნდა აკეთონ, ჩვენი ხალხის განწყობაზე ეს არ იმოქმედებს. იქნება აქციები და ხელისუფლებას დაველაპარაკებით იმ ენით, რაც მათ ესმით. მათ მხოლოდ ძალის ენა ესმით," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი რომან გოცირიძე. 

პარლამენტის წევრი დავით ბაქრაძე, რომელიც ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად საკანონმდებლო ორგანოში მივიდა, აცხადებს, რომ ხოშტარიას  სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლების მხარეს არის.

"ამ გუნდის ერთადერთი დასაყრდენი, რითაც ისინი ხელისუფლებას ინარჩუნებენ, ადამიანების მუდმივი შიშის რეჟიმში ყოლა გახლავთ. ეს მოხდა დღესაც, როდესაც კიდევ ერთი მცდელობა ვნახეთ საზოგადოების დაზაფვრის, რომ ვიღაც ვიღაცის მოკვლას აპირებს. პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მთლიანად ხელისუფლების მხარეს არის,"- აღნიშნავს პარლამენტის წევრი დავით ბაქრაძე. 

ოპოზიციას მმართველ გუნდში უპასუხეს - ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ხელისუფლების ოპონენტები პოლარიზააციას კიდევ უფრო აღრმავებდნენ

"პოლარიზაციის თემა ახალი არ არის, სააკაშვილის ჩამოსვლა ამ სტრატეგიულ გეგმაში ახალი ელემენტია, რასაც დესტაბილიზაცია ჰქვია. რაც შეეხება ელენე ხოშტარია, სულ დაივიწყეს მისი სახელიც და თავდადებაც, რაც აბსოლუტურად გაუგებარია შექმნილ ვითარებაში,"- აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.  

დღის ამბები