სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო იმ რამდენიმე მოსამართლეს შორის, ვინც სასამართლოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, უცხოელი პარტნიორების კრიტიკას დაეთანხმა.
მესხიშვილი არც კოლეგების იმ საერთო განცხადებას შეუერთდა, ვინც დიპლომატების პოზიცია არ გაიზიარა. მას სისტემაში რამდენიმე თანამოაზრეც გამოუჩნდა.
სოციალურ ქსელებში რამდენიმე მოსამართლის მიერ გამოქვეყნებული პოსტები, ექსპერტებსა და პოლიტიკურ წრეებში შეფასებების საგანი გახდა.
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე, კონკრეტული პირების პერსონალური დამოკიდებულების უკან, კარგად დაგეგმილ შეთქმულების სქემას ხედავს. მისი თქმით, ამ სცენარით ცხადი ხდება, თუ ვინ დგას ე.წ. ამბოხებული მოსამართლეების უკან.
მართლაც აქვს თუ არა ყოფილ ხელისუფლებას კონსპირაციული კავშირები სასამართლო სისტემის რამდენიმე წარმომადგენელთან, მათ შორის მოსამართლე ქეთევან მესხიშვილთან - "ნაციონალურ მოძრაობაში" ამ ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებენ, თუმცა კონკრეტულ მოსამართლეებს გადაწყვეტილებას უწონებენ.
მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებენ "ნაციონალურ მოძრაობას" "ქართული ოცნებაში". მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ სააკაშვილის პარტია სასამართლოზე გავლენის დამყარებას ძველი მეთოდებით ცდილობს.
სოციალურ ქსელებში რამდენიმე მოსამართლის პოზიციას ციხიდან გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც მისთვის მიუღებელ მოსამართლეებს, საერთაშორისო სანქციებით დაემუქრა. უფრო შორს წავიდა ექსპრეზიდენტის აქტიური მხარდამჭერი, ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ნონა წოწორია, რომელმაც მოსამართლეები კეთროვანებად გამოაცხადა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს ადამიანები საზოგადოებიდან უნდა განიკვეთონ.