მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის კითხვებს პასუხობს. უკვე 2 საათია გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გამომძიებელთან ერთად, შესულები არიან ექსპერტები და ადვოკატები.
ციხეში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც, რომელიც სამედიცინო ექპერტიზის პროცესს დაესწრო, მან დაწესებულება უკვე დატოვა. გამოსვლის შემდეგ კი, განმარტა, რომ რაც მისთვის აუცილებლად დასასწრები პროცედურა დასრულდა, სწორედ ამის შემდეგ დატოვა ტერიტორია.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს გარკვეული დაზიანებები აღენიშნება, თუმცა რა ტიპის არის ეს დაზიანებები და სხეულის რა ნაწილზე, ამაზე არ უსაუბრია, რადგან ეს მის კომპეტენციას სცდება.
"მე ადრე გამოვედი იმიტომ, რომ ჩემი საქმე დასრულდა. მიხეილ სააკაშვილს რაღაც ტიპის დაზიანებები აღენიშნება. ანალიზები დღეს ჩავატარეთ იმისათვის, რომ გვენახა რა ხდება და როგორია მისი ჯანმრთელობა. ნაწილი ანალიზებისა გაუარესებულია. ყველამ მშვენივრად იცის, თუ რით დამთავრდება ეს ყველაფერი. დამთავრდება ერთით - სიკვდილით,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.