"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის, მთავარი ამოცანაა ადამიანის უფლებების კუთხით სტანდარტების დაცვა, მათ შორის ისეთი მძიმე პატიმრის მიმართ, როგორიც მიხეილ სააკაშვილია.
ამაზე ირაკლი კობახიძემ პატიმრების შეძახილების საპასუხოდ განაცხადა და ასევე განმარტა, რომ ეს მიუღებელი და არასასიამოვნო ფაქტია, თუმცა როდესაც ხდება ერთი ციხიდან მეორეში პატიმრის გადაყვანა, შეიძლება ასეთი რამ მოხდეს.
"ჩვენი ერთადერთი ამოცანაა ადამიანის უფლებების კუთხით სტანდარტების დაცვა. მათ შორის ისეთი მძიმე პატიმრის მიმართ, როგორიც მიხეილ სააკაშვილია. სწორედ ამ ამოცანიდან გამომდინარე მოქმედებს სახელმწიფო და თითოეული სტრუქტურა. როდესაც საუბარია პატიმრების შეძახილებზე, როდესაც გინება ისმის მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს არ არის არც სასიამოვნო და არც მისაღები. მაგრამ როდესაც ხდება ერთი ციხიდან მეორეში გადაყვანა შეიძლება ასეთი რამ მოხდეს.
როდესაც სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, იქ ასეთი რისკები ხომ ბევრად უფრო მეტი იყო. ეს სამწუხარო რეალობაა. ჩვენთვის მთავარია ადამიანის უფლებების კუთხით სტანდარტების დაცვა, რადიკალურად შეიცვალა ვითარება 2012 წლის შემდეგ, განსაკუთრებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ის, რომ საუბარია მაღალ მატერიებზე და არა იმაზე, რომ ვიღაცას შეიძლება წამების ან არაადამიანური მოპყრობის კუთხით ჰქონდეს პრობლემა, ეს ის რეალობაა, რომელიც სწორედ 2012 წლის შემდეგ დადგა საქართველოში. თუ შეიძლება ციხეს კომფორტი შეექმნას, ყველა ხედავს რამდენად კომფორტულია ის გარემო, რომელიც დღეს არის შექმნილი.
რაც შეეხება ძალადობას - გადაყვანის დროს სააკაშვილის მხრიდან იყო ძალადობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან კი, იყო სათანადო მოპყრობა,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.