რა გავლენას მოახდენს ქვეყნის იმიჯზე საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები, რომელიც ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთდა - "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ქვეყნის იმიჯზე გავლენას არა თუ ეს, არამედ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში მაცივრით შემოსვლა, "ფეიკ შიმშილი" და სხვადასხვა შოუ ახდენს გავლენას.
ასევე ირაკლი კობახიძის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ბოლო მცდელობები აქვს პატარა არეულობა მაინც შექმნან ქვეყანაში.
"ქვეყნის იმიჯზე მე მგონი ცუდი გავლენა უნდა მოახდინოს იმან, როდესაც ყოფილ პრეზიდენტად წოდებული პირი, მაცივრით შემოდის ქვეყანაში და ჩადის დანაშაულს არაჟნებთან ერთად. შემდეგ კი, ეს ადამიანი კადრულობს და შიმშილობს და არც შიმშილობს, ეს არის ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი. ამას წერტილი უნდა დაესვას, ამ ფეიკ შიმშილობასაც და მთელ შოუებსაც. უკვე ისტერიკაში არიან ჩავარდნილები, ხვალ იკრიბებიან რაღაც გაუგებარ ადგილას, ვაჟა ფშაველას ძეგლთან - თვითონ ვერ გაიგეს ოღონდ რატომ იკრიბებიან იქ. გუშინ აქციაც ვერ გამართეს და ა.შ. ეს არის მათი ბოლო მცდელობა, რომ პატარა არეულობა მაინც შექმნან ქვეყანაში,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.