"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, მათივე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც წყაროს ეყრდნობა და ელენე ხოშტარიას შესაძლო მოწამვლის საკითხს ეხება, "ღამის კურიერში" ისაუბრა.
მან კვლავ აღნიშნა, რომ ელენე ხოშტარიას მოწამვლა ოპოზიციის აქციაზე ერთ-ერთ ვერსიად განიხილებოდა. მმართველმა გუნდმა კი, ეს ინფორმაცია მყისიერად საჯაროდ იმიტომ გაავრცელა, რომ პრევენცია მოეხდინა და თავში არავის გაევლო ამის განხორციელება:
"ჩვენი ინფორმაციაა, რომ დაახლოებით 10 კაციანი თათბირისას, ერთ-ერთმა მონაწილემ მოგვაწოდა ინფორმაცია ელენე ხოშტარიას შესაძლო მოწამვლის შესახებ. საუბარი იყო სხვადასხვა ვერსიაზე, მათ შორის მკვლელობაზე და ამაზე თავის დროზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია.
მათ არ ჰქონდათ გეგმა შემუშავებული, მაგრამ ერთ-ერთ ვერსიად განიხილეს ხოშტარიას მოწამვლის საკითხი, რაც შემდეგ თათბირის მონაწილეებს შორის სერიოზული განხილვის საკითხი გახდა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, მყისიერად საჯარო ინფორმაცია გაგვევრცელებინა, რასაც პირველ რიგში პრევენციის დატვირთვა ჰქონდა იმის გათვალისწინებით, რომ ვინმეს ასეთი რამ თავშიც არ გაევლო. დანარჩენი, თუ იქნება დამატებითი ინტერესი, რა თქმა უნდა ამ ინფორმაციასაც ყველას გავუზიარებთ,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.