პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს, ოპოზიციაში აფასებენ და განმარტავენ, რომ ექსპრეზიდენტი ერთი დაწესებულებიდან მეორეში მოტყუებით და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს:
"როდესაც მისი ნების წინააღმდეგ, მოტყუებით, ფიზიკური შეურაცხყოფით გადაყავთ დაწესებულებაში, სადაც არ არის დაცული მისი უსაფრთხოება, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ხელისუფლება მხოლოდ შურისძიების მოტივით მოქმედებს. ამას კანონთან არავითარი საერთო არ გააჩნია. ადამიანებმა კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი იმისათვის, რომ ეს სირცხვილი აღარასოდეს განმეორდეს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი თინათინ ბოკუჩავა.
"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ გავრცელებული კადრებით ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ არაადამიანურად ეპყრობიან მიხეილ სააკაშვილს.
"ეს არის უმძიმესი კადრები და ძალიან სამწუხაროა, რომ ასე არაადამიანურად ეპყრობიან მიხეილ სააკაშვილს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა გლდანის ციხეში გადაყვანა. დარწმუნებული ვარ, რომ კადრები აუცილებლად დაერთვება იმ საქმეს, რომელიც სტრასბურგში განიხილება,"- აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.
პენიტენციურმა სამსახურმა დღეს, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები გაავრცელა.