პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებზე, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ 40 დღეზე მეტხანს მოშიმშილე პატიმარმა - მიხეილ სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ბადრაგს.
"ვნახეთ, რომ პატიმარმა სააკაშვილმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარი განაცხადა და სამწუხაროდ, ბადრაგს მოუწია მისი იძულებით გადაყვანა მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობის დასაცავად. საზოგადოებამ ასევე დაინახა, რომ 40 დღეზე მეტხანს მოშიმშილე პატიმარი როგორ აყენებს შეურაცხყოფას ბადრაგის თანამშრომელს. მისი შიმშილობის ფაქტი რომ სპეკულაცია იყო, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ამით,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი კი ამბობს, რომ ძალადობის ობიექტი არათუ მიხეილ სააკაშვილი, არამედ პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები იყვნენ.