ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წერილი და გადაწყვეტილებები, დილიდან პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა. ოპოზიციის წევრების თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმის დადასტურებაა, რომ პროცესებს უმაღლესი ინსტიტუტი აკონტროლებს.
როგორც პარტიის "დროა" თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, სტრასბურგის სასამართლო რომ საფრთხეს არ ხედავდეს, ამ საქმეს არ მიიღებდა.
"ხელისუფლებას დღეს პირდაპირ შეუძლია, მათ შორის საკუთარი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე, გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში და სტრასბურგთან დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას. დღეს მოგვეცა კიდევ ერთი შანსი, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ მოკლევადიანად მწვავე კრიზისიდან,“ - ამბობს ელენე ხოშტარია.
პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე უკვე სტრასბურგის სასამართლო ზრუნავს.
"რომ ჩაეთვალა სასამართლოს, რომ პრობლემები არ არსებობდა, საერთოდ არც განიხილავდა ამ საქმეს და ამის ნაცვლად, ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტიურად, მუდმივ კონტროლზე აიყვანა მიხეილ სააკაშვილის საქმე, მოწოდება, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, მიმართვა პატიმრისთვის, ეს არის სრულიად ბუნებრივი მოვლენა. მაგრამ, პასუხისმგებლობა მის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე დააკისრა ცალსახად ხელისუფლებას,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს შეუძლია სახელმწიფოს მოსთხოვოს, მაქსიმალურად იზრუნოს პატიმარზე, დაიცვას მისი უფლებები და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
"თვითონ ასე მალე რომ მიიღო საჩივარი, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის პროცესს აბსოლუტურად სხვა რეჟიმში აკვირდება. სხვა საჩივრებიც არის, მე რამდენადაც ვიცი შეტანილი და არ გამოვრიცხავ, რომ ამ საჩივრებზეც მალე იქნას პასუხი გაცემული,“ - აცხადებს ლევან იოსელიანი.
სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს მთავრობას კი ავალებს, მსჯავრდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდოს.