კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ინტერპრეტაციების საშუალებას არ იძლევა. მინისტრის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ, როგორც მიხეილ სააკაშვილმა, ასევე სახელმწიფომ, მოკლე ვადებში უნდა შეასრულოს.
"ცალსახად არის მითითებული, რომ სტრასბურგის სასამართლო მოუწოდებს ბატონ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ, უფრო მეტიც, არამცთუ მოუწოდებს, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით, ის მას ავალებს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა.
როდესაც ერთი მხარე იღებს, ან რომელიმე მხარე იღებს დავალებას 39-ე მუხლის საფუძველზე, ეს დავალება უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ მოცემული მხარე თუ ამ დავალებას არ ასრულებს, ის არ არის კეთილსინდისიერი.
საუბარი ამ წერილში არ არის და ვერც ვერავინ დააბრალებს ამ წერილს, რომ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას სამოქალაქო კლინიკაში, ამაზე ამ წერილში საუბარი არ არის, თუმცა საუბარია, რომ როგორც კი სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, მას გაეწიოს სათანადო მკურნალობა და უზრუნველყოფილი იყოს ციხეში მისი უსაფრთხოება. ეს არის ელემენტარული საბაზისო წესები პატიმართან მოპყრობის,“ - ამბობს თეა წულუკიანი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება სახელმწიფოს პოზიციასთან პირდაპირ ბმაშია.
"არ შეიძლება, მოშიმშილე თუ მსჯავრდებულმა პირმა, ამ შემთხვევაში, ბატონმა სააკაშვილმა თავისი ასეთი პროვოკაციული ქმედებებით გამოწვევა გაუკეთოს სახელმწიფოს და ამ ფონზე მიაღწიოს შედეგს და ამა თუ იმ ფორმით, თავი დააღწიოს იმ სასჯელს, რაც აქვს სასამართლოს მიერ გამოტანილი,“ - ამბობს ალუდა ღუდუშაური.