შეწყვეტს თუ არა მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას და გაითვალისწინებს თუ არა ის ადვოკატის რჩევას - ექსპრეზიდენტთან ახლა მისი ერთ-ერთი ადვოკატი, ნიკა გვარამიაა შესული, რომელმაც შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან თქვა, რომ შიმშილობა იყო ბრძოლის ფორმა, თუმცა, თუ ეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იმუშავებს, უნდა ჩაანაცვლონ.
მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი სტრასბურგის გადაწყვეტილებით კმაყოფილია, ასევე, ისაუბრა გავრცელებულ კადრებზე და ხაზი გაუსვა, რომ ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს "ქართული ოცნების" არაჰუმანურ სახეს.
"ვხედავთ, რომ ხელისუფლება ეტაპობრივად ავრცელებს ჩანაწერების ნაწყვეტებს და ამ კადრებით ცალსახად დასტურდება ის, რასაც ვამბობდით - რომ პენიტენციურმა სამსახურმა მოატყუა მოშიმშილე ადამიანი. 40 დღის შიმშილობის შემდეგ ადამიანს რომ ეტყვი, რომ გადაგიყვან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ის მოგყვება სპეციალური ავტომობილით და, რეალურად, მიიყვან მე-18 დაწესებულებაში, ძალიან ბუნებრივი რეაქცია იყო მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ ხელისუფლების არაჰუმანური და ბოროტი სახე, ამ გავრცელებული ვიდეოკადრებით,"-აცხადებს საძაგლიშვილი.