იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მას არასოდეს უთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გარკვეული დანამატების მიღება შიმშილობის შეწყვეტას ნიშნავდა. ამის შესახებ რატი ბრეგაძემ "ღამის კურიერში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი მოუწია მას შემდეგ, რაც მიიღეს სადეპუტატო კითხვა, რომელსაც შესაბამისი პასუხი გაეცა:
"მე არასოდეს მითქვამს, არცერთ ეთერში ტერმინი "შიმშილობის შეწყვეტა". მე პასუხისმგებელი ვარ ჩემ მიერ წარმოთქმულ ყველა სიტყვაზე და ეს იყო შემდეგი - ის ღებულობს ნატურალურ წვენებს და სხვადასხვა სახის ფაფებს. ჩვენ მივიღეთ სადეპუტატო კითხვა, რომელზეც ვალდებული ვიყავით გვეპასუხა. კითხვა იყო შემდეგნაირად დასმული - ხომ არ ღებულობს რაიმე საკვებ დანამატებს, რასაც შეიძლება ჰქონდეს დადებითი ეფექტი იმ შედეგზე, რაც შეიძლება დადგეს შიმშილობისას. ეს კითხვა გამოგზავნა ბატონმა მიხეილ სარჯველაძემ და გავეცით პასუხი, მაგრამ ამ პასუხში არ ყოფილა, შიმშილობა შეწყდა თუ არ შეწყდა," - განაცხადა რატი ბრეგაძემ.