"ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში?!" - ჰქონდა თუ არა მსგავს მიმართვას მიხეილ სააკაშვილის მიმართ იმ დროს, როდესაც ის რუსთავის ციხიდან, გლდანის პენიტენციური დაწესებულების სამკურნალო განყოფილებაში გადაიყვანეს - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იუსტიციის მინისტრს "ღამის კურიერში" მოუწია. რატი ბრეგაძე პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან მსგავს მიმართვებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს იმ დიდი სპექტაკლის ნაწილია, რომლითაც ოპონენტები სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ იბრძვიან:
"მე რაც ვიცი, რაც ვნახეთ და რაც მაყურებელმაც ნახა, იქ თქვენობის გარდა არავის მიუმართავს და ეს სტანდარტი მოქმედებს ყველა პატიმრის მიმართ. დაუშვებელია ნებისმიერი სახით ცინიკური ფორმით მიმართვა, დაცინვა, არ აქვს მნიშვნელობა აქ პატიმრის სახელს და გვარს. მსგავს რამეს ჩვენი თანამშრომლები არ აკეთებენ.
ბუნებრივია, ესეც შეიძლება იყოს ამ დიდი სპექტაკლის ერთი მცირე ნაწილი, რომლითაც დავღალეთ საზოგადოება, ერთი კონკრეტული პატიმრის ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანით, შიმშილზე საუბრით და ესეც ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება გამოფიტონ სახელმწიფო სტრუქტურები, ყურადღება მოადუნონ და შემდგომში განახორციელონ რევოლუციური სცენარი. ჩვენ ვერავის მივცემთ ამ სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირებისათვის ხელშეშლის უფლებას და ყოველთვის გვექნება სიცრუეზე ადეკვატური რეაგირება. საზოგადოება არის ბრძენი და იღებს იმ გადაწყვეტილებას როგორიც უნდა მიიღოს," - განაცხადა რატი ბრეგაძემ.