იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, პროკურატურამ სასამართლო სხდომაზე ონლაინ დასწრება შესთავაზა, თუმცა, ამაზე დაცვის მხარემ უარი განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის დაცვის მხარეს არა პროცესის სწორად წარმართვა, არამედ სპექტაკლის დადგმა სურს.
"პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე და დაცვის მხარის ინიციატივით, ის არ იქნა წარმოდგენილი ონლაინ. ასევე, იყო საუბარი იმაზეც, რომ ჩატარებულიყო პენიტენციურ დაწესებულებაში და აქ დაცვის მხარე იყო წინააღმდეგი. ანუ, პროკურატურამ შესთავაზა მას პროცესში მონაწილეობა და, ბუნებრივია, ჩვენ ამას უზრუნველვყოფდით ტექნიკურად, მაგრამ არ უნდოდათ. მათთვის მთავარი ის კი არაა, რომ პროცესი წარიმართოს, სამართლის დადგენა კი არ უნდათ, სპექტაკლი უნდათ, უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნა უნდათ. ე.წ. როგორც თითონ ამბობენ, "კარწინკის" დადგმა უნდათ და ა.შ,"-განაცხადა მინისტრმა.